კიბერშეტევა TBC ბანკზე და ტროლების ფაბრიკა რუსთაველის 12 ნომერში – შს მინისტრის მოადგილის განმარტებები

კიბერშეტევა TBC ბანკზე და გაჭიანურებული გამოძიება – შს მინისტრის მოადგილე ამბობს,რომ გამოძიება არ შეფერხებულა და მიმდინარეობს კომპლექსური სამუშაოები.

როგორც ცნობილია, ბანკის უსაფრთხოების სამსახურმა 5 თვის წინ აღმოაჩინა რომ ჰაკერთა ჯგუფი მათი სერვერებიდან პერსონალური ინფორმაციის მოპარვას ცდილობდა. ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს პოლიციას და გადასცეს ის მისამართიც, საიდანაც ჰაკერული შეტევა დაიწყო. სწორედ ამ მისამართზე, რუსთაველის 12 ნომერში, სავარაუდოდ ე.წ. ტროლების ფაბრიკა ფუნქციონირებდა, რომლის უკანაც სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტი კოკა ყანდიაშვილი იდგა.

შს მინისტრის მოადგილე ამ საკითხზე დასმულ კითხვებს არ პასუხობს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და როცა კონკრეტული შედეგები იარსებებს საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებენ.

„ეს არ გახლავთ რიგითი საქმე, მცირე მნიშვნელობის საქმე, საკმაოდ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებია ამ საქმეზე ჩასატარებელი, არაერთხელ ვთქვით, რომ ამოღებულია კომპიუტერები, რომელშიც დაცული ინფორმაციის შესწავლა მიმდინარეობს. ეს არ არის ისეთი საქმე, რომელზეც ორ საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებ და მთავრდება ყველაფერი. კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და როგორც კი გვექნება კონკრეტული შედეგები , გვექნება ექსპერტიზის პასუხები საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწოდებთ“,”-განაცხადა მეზვრიშვილმა.

კითხვაზე ამოღებულია თუ არა კომპიუტერები რუსთაველის #12, ან არის თუ არა დაკითხული კომპანიის ხელმძღვანელად მითითებული იური მურადიანი, მეზვრიშვილი ამბობს,რომ დეტალებზე ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს.

">