„კვირის პალიტრა“: ქართული ჯარი მომავალი წლიდან ფრანგულ „მისტრალებს“ მიიღებს

გაზეთი „კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, მომავალი წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფრანგული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „მისტრალები“ გამოჩნდება. როგორც ცნობილია, ქართულ-ფრანგული შეთანხმება საჰაერო თავდაცვის საშუალებების შესყიდვის თაობაზე 2015 წელს გაფორმდა, თუმცა ამ დრომდე არ იყო ცნობილი, თუ კონკრეტულად რომელი ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენას მოაწერა ხელი ქართულმა მხარემ.

მისტრალი“ მცირე რადიოსის მოქმედების ფრანგული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია, რომელიც გათვლილია მცირე სიმაღლეზე მფრენი მოწინააღმდეგის თვითმფრინავებისა და შვეულმფრენებისგან დასაცავად. როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, „მისტრალების“ მეზენიტეებს, კომპლექსის მცირე გაბარიტების გამო, საშუალება ექნებათ, ოპერატიულად იცვალონ საცეცხლე პოზიციები, კარგად შეინიღბონ და ჩასაფრდნენ იმ ადგილებში, რომელთა სიახლოვეს მოწინააღმდეგის საბრძოლო ავიაციის დაბალ სიმაღლეზე ფრენაა მოსალოდნელი.

მიუხედავად იმისა, რომ „მისტრალი“ მცირე რადიოსის მოქმედების საზენიტო დანადგარია და „სტინგერისა“ და „იგლას“ ანალოგია, მისი გასროლა არა სამხედრო მხრიდან, არამედ სპეციალურ სადგამზე დამაგრებული კომპლექსიდან ისვრის. თუმცა, გაზეთის ინფორმაციით, ქართული მხარე ფრანგულ „მისტრალებს“ მაღალი გამავლობის მანქანებზე დამონტაჟებულს მიიღებს, რაც გაზრდის ამ საზენიტო საშუალებების მობილურობას.

„კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, ქართული მხარე მესამე მოდიფიკაციის „მისტრალებს“ მიიღებს, რომელთა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გაუმჯობესებულია.

გარდა „მისტრალისა“, ქართული მხარე ორ რადიოლოკაციურ სადგურსაც მიიღებს – GM200-სა და GM400-ს.

">