კალაძე: ნაციონალები და ევროპული საქართველო დემოკრატობანას თამაშობდნენ

თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ჰელსინკში სააკაშვილი-უგულავას შერიგებას ეხმიანება. კახა კალაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ერთი გამხმარი ხის ორი ტოტია. მის კომენტარს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„თანამოაზრეები არა, ეს ერთი გუნდია. ისინი ერთიან კონტექსტში უნდა მოვიხსენიოთ. მათ გარკვეული მცდელობა ჰქონდათ, რომ თითქოს, კონსტრუქციულები იყვნენ და დემოკრატობანას თამაშობდნენ, თუმცა რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, ეს არის ერთი გამხმარი ხის ორი ტოტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ფინეთის დედაქალაქში გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი შერიგდნენ. კადრებიდან ჩანს, რომ მათ ერთმანეთთან პრობლემები არ აქვთ. როგორც სააკაშვილმა თქვა, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ერთი ოჯახია.

ევროპული საქართველო“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2017 წლის იანვარში გამოეყო. მაშინ გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და „ჯართი“ უწოდა. როგორც მაშინ უგულავამ თქვა, სააკაშვილი „საკუთარი თავის პრობლემაა“ და არა ქვეყნის.

თუმცა 1 წლის თავზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ევროპულმა საქართველომ მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს გამოუცხადა.

წყარო: imedinews.ge

/</a></iframe>