კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ხელისშეშლასა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ სალომე ზურაბიშვილისსაარჩევნო კამპანიის ხელისშეშლასა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” ძველი მეთოდებით ცდილობს კონკურენტებთან ბრძოლას, რაც მათ წარსულში ჩარჩენას ადასტურებს. კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მისცეს ამ პარტიას წარსულიდან გამოსვლის საშუალება.

“ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში, რომ არა ერთი პარტია – “ნაციონალური მოძრაობა”. ვხედავთ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ისინი ყოველდღე ცდილობენ ხელი შეუშალონ კონკრეტულ კანდიდატს საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში. ისინი ცდილობენ შეხვედრების ჩაშლას, შეურაცხყოფების მიყენებას პრეზიდენტობის კანდიდატისთვის. ეს მათი სტილია, რადგან ჩარჩენილნი არიან წარსულში. ეს პარტია რასაც აკეთებდა 2012 წლამდე, იგივე მეთოდებით, სიცრუით, შანტაჟით, შავი პირით აგრძელებს მუშაობას. საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავტოვოთ წარსულში და არ გამოვიდნენ იქიდან, სადაც არიან”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

">