ჟენევის ფორმატი შეუცვლელია, აგრესორი არის რუსეთი – პრეზიდენტის განცხადებაზე განმარტებებს საპარლამენტო უმრავლესობა აკეთებს

ჟენევის ფორმატი შეუცვლელია – საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ფორმატი არ გადაიხედება. ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, რა იგულისხმა პრეზიდენტმა, როცა თქვა, რომ ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც საქართველოს სჭირდება.

„ქალბატონმა სალომემ რაც თქვა, მე როგორც აღვიქვი,  ეს არის ის დამხმარე ფორმატები, რომელიც მოახდენს საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციას. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ჟენევის ფორმატი გაუქმდეს. პირიქით ჟენევის ფორმატი იქნება ლოკომოტივი,“-განაცხადა სესიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პრეზიდენტის განცხადებების განმარტებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ჟენევის ფორმატი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია. თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალი დაბომბა.

თალაკვაძე ამბობს, რომ კითხვაზე ვინ დაიწყო ომი და ვინ არის აგრესორი ხელისუფლების პოზიცია ყველასთვის ნათელია.

„ომთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია სახელისუფლებო გუნდის და უმრავლესობის იცით, აგრესორი არის რუსეთი. მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების დონე და ამ გადაწყვეტილებების შინაარსი, წონა გაიზარდოს-ეს არის ჩვენი ამოცანა,”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

">