ჯაფარიძე: 30 მაისს ცნობილი გახდება, იქნება თუ არა მარიხუანა სრულად ლეგალური

30 მაისს, 11:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივ სარჩელს, რომელიც ეხება ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას მარიხუანას მოხმარებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„30 მაისს, 11.00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ჩემი და ვახოს ერთობლივ სარჩელს, რომელიც ეხება ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას მარიხუანას მოხმარებისთვის.

ახლა დამირეკეს.

იმისათვის რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვას ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მან უარი უნდა თქვას ჩვენს მიერ უკვე მოგებული საქმე #732-ის ლოგიკაზე. თუ ამ საქმეს მოვიგებთ, მარიხუანა საქართველოში იქნება სრულად ლეგალური. ლეგალური! ეს არის ბრძოლა, რომელზეც ჩვენ ყველამ დავხარჯეთ ბევრი წელი. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის! და თავისუფლება იწყება შენი სხეულიდან!

კი, ჩემი სხეული არის ჩემი! მეტი არავისი! და რასაც მინდა იმას ვუზამ! ან გჯერა ამ მარტივი ჭეშმარიტების ან იბლანდები საზოგადოებრივი საკუთრების ტრაგიკულ და სასაცილო ლაბირინთებში. და შემდეგ ამთავრებ წითელი ან შავი ტოტალიტარიზმით. მე მჯერა რომ ეს ბრძოლა მოგებულია. თავისუფლებას წინ ვერაფერი დაუდგებ“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

">