იზორია საფრანგეთისგან დამატებით ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვას აანონსებს

სამხედრო ავიაცია და ანტისაჰაერო მიმართულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. როგორც პრესკონფერენციაზე ლევან იზორიამ აღნიშნა, ანტისაჰაერო მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება.

„მომავალ წელს ფრანგებთან ვაგრძელებთ იმ შეთანხმების იპლემენტაციას, რომელიც ანტისაჰაერო სივრცის დაცვისთვისაა გამიზნული და შესაბამისი ანტისაჰაერო სისტემების შეძენას ითვალისწინებს. პირველი ეტაპი წელს წარმატებით დავასრულეთ და მომავალ წელს უკვე მეორე ეტაპზე გადავალთ, რომელიც სამ ან ოთხწლიან პერიოდს მოიცავს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტისაჰაერო მიმართულებაზე საუბრისას.

მინისტრმა ჟურნალისტებს ავიაციის სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი სიახლეებიც  გააცნო. „მთავრობის წინა სხდომაზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამერიკის შეერთებული შტატების გრანტი – 9 მილიონი ამერიკული დოლარი, რათა მოვახდინოთ ავიაციაში არსებული რესურსების  როგორც რემონტი-შეკეთება, ისე მოდერნიზება. ჩვენ წელს ბიუჯეტში გამოვყავით 23 მილიონი ლარი. როგორც ამერიკული დახმარების, ისე ბიუჯეტით გათვალისწინებული მილიონობით ლარის თანხების ეს კუმულაცია  მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ საავიაციო საშუალებების რემონტი და მოდერნიზება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოდერნიზებული 9 საავაციო საშუალება უკვე აღჭურვილი იქნება არა მხოლოდ თავდაცვითი ამოცანების შესასრულებლად სპეციალური საშუალებებით, არამედ კრიზისულ სიტუაციაში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით.

„ჩვენი შვეულმფრენები და ვერტმფრენები შეძლებენ მოქმედებას როგორც თავდაცვითი ამოცანებისთვის, ისე ცალკეული კრიზისების დროს. თანხები გამოყოფილია, ამას დასჭირდება გარკვეული დრო. სარემონტო საშუალებები უნდა ჩატარდეს სპეციალურ ქარხნებში. ადგილზე ეს ვერ ჩატარდება. ამიტომ უნდა მოხდეს მათი ტრანსპორტირება. შემდეგ უკვე საქართველოს ისინი ახალი აღჭურვილობით  15-წლიანი რესურსით დაუბრუნდება“, – განაცხადა ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

">