„ივანიშვილმა უკან დაიხია“ – ოპოზიცია პარლამენტში მოსამართლეთა სიის განხილვის გადადებას ეხმაურება

პარლამენტში წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია ვერ გავა – ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია. ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს ისეთი კრიტერიუმების შემუშავება, რომელსაც მაგალითად ისეთი მოსამართლე, როგორიც არის ჩინჩალაძე, ვერ დააკმაყოფილებს.

„ეს სია ვერ გავა საქართველოს  პარლამენტში, შესაბამისად აუცილებელია კრიტერიუმები. ჩვენ ისედაც  ვიცოდით რომ ამ საკითხებზე უნდა დაგვეწყო მსჯელობა საგაზაფხულო სესიაზე. ეს პროცესი არის ღია პროცესი, ამას უკან უკვე ვეღარავინ მოაბრუნებს. ჩვენ შევიმუშავებთ კრიტერიუმებს, სადაც ჩინჩალაძე ვერ დააკმაყოფილებს მას,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი, რომელთა ბიოგრაფია საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს იწვევს, პარლამენტმა გუშინ არ დაამტკიცა. კანდიდატურების განხილვა გაზაფხულამდე გადაიდო.

ოპოზიცია მომხდარ ფაქტს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უკან დახევად მიიჩნევს და მთლიანად სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილმა უკან დაიხია და სასამართლოს მმართველმა ჯგუფმა. მათ ამ ეტაპზე არ გაუვიდათ ის ნაბიჯი, რომ თავს მოეხვიათ საზოგადოებისთვის უზენაესი სასამართლოს კანდიდატები. ახლა მეორე ეტაპი არის წინ. საგაზაფხულო სესიისთვის უნდა გაიწეროს პროცედურები,“-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ.

მართლმსაჯულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც.“ ხატია დეკანოიძის თქმით, მას მმართველი გუნდის წევრების ფიქტიური ნაბიჯის არ სჯერა.

„რეალურად ჩვენ ამ ფიქტიური ნაბიჯის არ გვჯერა. მთვარია რომ შეიცვალოს მთლიანად სისტემა. მახინჯი სისტემა მართლმსაჯულების რომ  კანონის ყველა რგოლი ემსახურებოდეს სამართლიანობას და არ ემსახურებოდეს ერთ ადამიანს,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

წყარო: რუსთავი 2

">