ივანიშვილი: „სააკაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით, შემოუძღვა რუსულ ჯარს“

„ქართული ოცნების“ თამვჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დანაშაულის გადაბრალებას ცდილობს სალომე ზურაბიშვილზე. ამის შესახებ მან მმართველ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა.

„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა მისი მმართველობის პერიოდში, იყო მათი პოზიცია 2008 წლის ომში. გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, უპატრონოდ დატოვეს ტყეში ცოცხალი ჯარი, სწორედ ეს თემა აქვთ წინა პლანზე წამოწეული. ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინეს, ცდილობენ დღეს გადმოიტანონ და დააბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თავისი მოღვაწეობის პროცესში ძალიან ბევრი იზრუნა, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიები.

მახსოვს, თქვენც კარგად გახსოვთ ალბათ, როგორ პრინციპულობით გამოირჩეოდა სალომე ზურაბიშვილი საგარეო მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად და ოსტატურად მოახერხა მან, რომ რუსულ ჯარებს ტერიტორიები დავატოვებინეთ. ამის შემდგომ, სააკაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით, შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული.

აღმაშფოთებელია, რომ ეს ხალხი დღეს ცდილობს ისევ, რომ ჩვენ გადმოგვაბრალონ და ცდილობენ, სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ მონათლონ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

/</a></iframe>