ირაკლი კობახიძე: საქართველოთი დაინტერესება ევროპაში, დასავლეთში და მსოფლიოში სულ უფრო იზრდება

„მეტი დემოკრატია, უფრო ეფექტური რეგიონული თანამშრომლობა და უფრო აქტიური სვლა ევროკავშირისა და ნატო-საკენ – ეს ფორმულა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე –  „საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ყოველწლიურად იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის. მისივე განცხადებით სიმბოლურია, რომ შეხვედრის ადგილია ბათუმი, აჭარა, სადაც ქვეყნის განვითარება და მაჯისცემა ყველაზე თვალსაჩინოა.

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოთი დაინტერესება ევროპაში, დასავლეთში და მსოფლიოში სულ უფრო იზრდება. ჩვენ ორგანულად ვართ ჩართულნი არა მარტო ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, არამედ საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მადლობა გადაუხადა კონფერენციის უცხოელ მონაწილეებს, რომლებიც, მისი თქმით, ჩვენი რეგიონის აწმყოთი და მომავლით არიან დაინტერესებულნი.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული უსაფრთხოება საქართველოს ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება და რეგიონული უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, მყარი, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტიაა დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მარტო არ არის ამ გამოწვევის წინაშე. ჩვენ მხარს გვიჭერს მსოფლიოს დემოკრატიული ნაწილი, რაც გვაძლევს იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების წარმატებით გადაჭრას და მყარი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას.

მინდა, ხაზი გავუსვა რეგიონული უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს.

უპირველს ყოვლისა, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო მყარი, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტიაა. დღეს შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ სწორედ ამ მიმართულებით გადადგა ყველაზე გამართლებული ნაბიჯები. საქართველოს დემოკრატიული პროგრესი ფართოდაა აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, ადამიანის უფლებების დაცვა, მედია თავისუფლების პატივისცემა ქვეყნის და საზოგადოებისთვის ჩვეული და ნორმალური მოვლენა გახდა. ამ პროცესში განუზომელია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარების როლი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე წელს, პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა საქართველოს კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ ჩვენი ქვეყნის განვითარება შეუქცევად პროცესად აქცია. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ევროინტეგრაცია საქართველოს საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.