ირაკლი კობახიძე: ეს არის საპარლამენტო მმართველობა, სადაც სამთავრობო ცვლილებები ნორმალური მოვლენაა

„გასული 6 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს ყველა მიმართულებით და ეს ხდებოდა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის მმართველობის პირობებში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

გუშინ განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს ირაკლი კობახიძე საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა”, სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრებისა და მთავრობის ცვლა არ იწვევდა გადახვევას იმ პროგრესული მიმართულებიდან, რომლისკენაც გეზი ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ აიღო.

„მე არ მინდოდა, დღეს მესაუბრა სამთავრობო ცვლილებებზე, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის იმ ფორმატის შემადგენელი ნაწილი, რა ფორმატშიც იმართება დღევანდელი კონფერენცია, თუმცა თავს მოვალედ მივიჩნევ, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ამასთან დაკავშირებით. საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საქართველო არის მაღალი სტანდარტებით ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფო და აქ სახელწიფო იმართება სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური განვითარება და სამთავრობო ცვლილებების პირობებში, ჩვენთვის მთავარია სწორედ სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა. ამ წლების განმავლობაში, გასული 6 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს ყველა მიმართულებით და ეს ხდებოდა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის მმართველობის პირობებში, პრემიერ-მინისტრების ცვლა, მთავრობების ცვლა, არ იწვევდა ქვეყნის ძირითადი კურსიდან გადახვევას და იმ პროგრესული მიმართულებიდან გადახვევას, რომლისკენაც აიღო გეზი, იმთავითვე, ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემდეგ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ პროგრესის კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველოში დამკვიდრდა დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და დრამატულად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი.