ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები და ეს მიზნები არის მიღწევადი

„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები და გვინდა დავტოვოთ შემდეგი მემკვიდრეობა შემდგომი მოწვევის პარლამენტისთვის – დახვეწილი კონსტიტუცია, დახვეწილი რეგლამენტი, გაძლიერებული შესაძლებლობები კანონშემოქმედების კუთხით, საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება და შესაბამისი შესაძლებლობები საქართველოს პარლამენტისათვის, თვისობრივად გაძლიერებული და ძალიან ქმედითი აპარატი და საზოგადოების მაღალი ნდობა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მთავარი შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციაა.

„ნოემბერში ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია და მანამდე, საჭიროა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების, რამდენიმე ათეული კანონის შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან. მათ შორის არის არსებითი ხასიათის ცვლილებები შეტანილი კანონმდებლობაში. მაგალითად, პროკურატურის შესახებ კანონმდებლობა არის მთლიანად შეცვლილი, გამომდინარე იქიდან, რომ სტატუსი პროკურატურის არის შეცვლილი. მოქალაქეობის შესახებ კანონზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ა.შ.

ეს პროცესი უნდა დასრულდეს მიმდინარე სესიის ბოლომდე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ივნისის ბოლომდე ჩვენ უნდა მივიღოთ რამდენიმე ათეული კანონი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.