„იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტი შეძლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის ვეტო მათთვის რთულად მისაღებია“

„კომიტეტის სხდომაზე დავინახეთ, რომ კომიტეტი კვლავ არ უჭერს მხარს პარლამენტის მიერ მიღებულ და ხელმოსაწერად გადმოგზავნილ ვერსიას, ასევე არ ჰქონდა წინააღმდეგობა ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი არგუმენტაციის მიმართ, მაგრამ ვინაიდან ეს არის პრეზიდენტის ვეტო, ვეტო არ იქნა გაზიარებული“,-ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„შემდგომი ეტაპი არის პლენარული სხდომა და იქ განხილვა. რა თქმა უნდა, ჩვენ იგივე პოზიცია და არგუმენტაცია გვექნება, რა არგუმენტაციითაც დღეს კომიტეტის წინაშე წარვდექით. ვიცით, რომ პარლამენტს აქვს ვეტოს დაძლევის ფაქტობრივი შესაძლებლობა – ეს სიახლე არ არის, მაგრამ სიახლე იქნება, არსებითაც ჩაიხედოს სიღრმეებში და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქნება საუკეთესო. იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტი შეძლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის ვეტო მათთვის რთულად მისაღებია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანა ნაცვლიშვილმა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ოთხმა წევრმა მხარი დაუჭირა, ოთხმა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა – კენჭისყრის ამ შედეგით კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კერძოდ, დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას კომიტეტის წევრთაგან სულ მცირე 8 ხმა სჭირდება (დამსწრეთა უმრავლესობა), თუმცა კენჭისყრის დროს ხმები ოთხი- ოთხზე გაიყო.