„იმდენი პირდაპირი მტკიცებულებაა ნეფარიძის საქმეში, რომ ნამდვილად არავის სჭირდება მისი შვილის ჩვენება“

პროკურორი ბექა ეჟიშვილი ზურაბ ნეფარიძისა და მისი ოჯახის ბრალდებებს პროვოკაციად აფასებს. ეჟიშვილის განცხადებით, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არცერთი პირადი ჩანაწერი არ არსებობს, მისივე თქმით, იმდენი პირდაპირი მტკიცებულებაა ამ საქმეში, რომ მისი შვილის ჩვენება სასამართლო პროცესზე არავის სჭირდება.

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ სისხლის სამართლის მრავალტომიან საქმეში არცერთი რაიმე პირადი ჩანაწერი არ არსებობს და არც მოიპოვება. იმდენი პირდაპირი მტკიცებულებაა ამ საქმეში, რომ ნამდვილად არავის სჭირდება მისი შვილის ჩვენება სასამართლო პროცესზე და რაიმეს დადასტურება, ასევე, არც ბრალდებულის ჩვენება. მე მზად ვარ, ნებისმიერ ჩემს ქმედებაზე ვაგო პასუხი, კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ან ბრალდებულის ან რომელიმე ოჯახის წევრის მიმართ, ჩემი მხრიდან არ მომხდარა არანაირი ზეწოლა“,-განაცხადა ბექა ეჟიშვილმა.

პატიმრობაში მყოფი საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის შვილი საქმის პროკურორს ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს. ნეფარიძის შვილის განცხადებით, მას მამის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემა შანტაჟითა და მამის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების მუქარით აიძულეს.

">