ია კერზაიას საქმე – ბაჩანა შენგელიამ პროკურატურას ახალი მტკიცებულებები წარუდგინა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილმა პროკურატურას ახალი მტკიცებულებები წარუდგინა.

ბაჩანა შენგელია და მისი ინტერესების დამცველი უკვე თვეზე მეტია, უწყებისგან გამოძიების დაწყებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

განათლების სამინისტროს მხრიდან გამოხატულ არასათანადო ყურადღებაზე საუბრობს ია კერზაიას შვილი. ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ განათლების სამინისტროში 10-მდე წერილი აქვს გაგზავნილი ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა, იქიდან კომიკურ პასუხებს იღებს.

„პასუხებს ვიღებთ აბსოლუტურად არაფერს ან რაღაც კომიკური ფორმით ცარიელ ბლანკებს აგზავნიან. ადვოკატთან ერთად ძალიან მოცულობითი დოკუმენტაცია წარვუდგინეთ მტკიცებულებები, მათ შორის, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის დანაშაულის შემადგენლობა, როგორ ხდებოდა ზეწოლა, ზემოქმედება. ეს დამატებით ვიდეო ფაილების სახით, მოწმეების ჩვენებს, თვითონ გარდაცვლილის ვრცელი ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს პოლიტიკურ დევნაზე, ამ ყველაფერს უკვე ვიდეო მტკიცებულებების სახით წარვუდგენთ და დაველოდებით კიდევ რამდენიმე დღე,“ – ამბობს შენგელია.

ია კერზაიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნების არ არსებობაზე საუბრობს ადვოკატი, ლევან მახარაშვილი. ადვოკატის მტკიცებით, გამოძიების დაწყების შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა, რაც მათ არ აწყობთ.

„პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან გამოძიების არდაწყებით ხდება დანაშაულის ჩადენა. მათ არ გააჩნიათ დისკრეცია, დაიწყონ თუ არ დაიწყონ გამოძიება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავალდებულებს გამოძიებას, დაიწყოს შესაბამისი მოქმედებები, როგორც კი მიიღებენ ინფორმაციას დანაშაულის შესახებ, ჩვენ მივაწოდეთ არათუ ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის შესახებ, ასევე მივუთითეთ იმ პირების შესახებ, რომლებიც დაადასტურებდნენ კონკრეტულ ფაქტებს, თუმცა მიუხედავად ამისა, არცერთი მათგანი გამოკითხულიც არ გახლავთ დღემდე,“ – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანა. არასამთავრობო ორგანიზაციას აინტერესებს რა საფუძველი არსებობდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების ჩატარების, რომლის შემდეგაც სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა.

ია კერზაია დეკემბრის დასაწყისში გარდაიცვალა, მას ინსულტი ჰქონდა. მისი შვილი ამბობს, რომ მისი დედის ავადმყოფობა წინასაარჩევნოდ მასზე განხორციელებულმა ზეწოლამ გამოიწვია.

ბაჩანა შენგელიას თქმით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას აიძულებდნენ, რაზეც ია კერზაიამ უარი განაცხადა.

შენგელიას განმარტებით, ამის შემდეგ განათლების სამინისტროს ინსპექციაში ანონიმური წერილი შევიდა, მოგვიანებით კი მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექციამ მუშაობა დაიწყო. ბაჩანა შენგელიას თქმით, ია კერზაია ამ პერიოდში მიღებულმა სტრესმა იმსხვერპლა.

">