ია კერზაიას საქმე – “ევროპული საქართველო” განათლების მინისტრის გადადგომას ითხოვს და შალვა თადუმაძეს პარლამენტში იბარებს

“ევროპული საქართველო” ია კერზაიას საქმეზე მთავარ პროკურორს პარლამენტში იბარებს. “ქართული ოცნება” მთავარ პროკურორთან კონსულტაციების გამართვას აპირებს, მაგრამ მმართველ გუნდში შალვა თადუმაძის პარლამენტში მისვლის საჭიროებას ვერ ხედავენ. ამის მიუხედავად მთავარ პროკურორს დეპუტატების წინაშე ანგარიშის წარდგენა 15 მაისამდე მაინც მოუწევს.

„განათლების მინისტრი უნდა გადადგეს. მან უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ,  როგორც ჩანს იზიარებს ყველაფერს, რაც მის უწყებაში ხდება და არაფრის გამოსწორებას არ აპირებს. გენერალური პროკური უნდა მოვიდეს პარლამენტში, ჩვენ ვითხოვთ, რომ განათლების კომიტეტმა შექმნას მოკვლევის ჯგუფი, როგორც ჩანს პოლიტიკური მიზნებისთვის მასწავლებლების გამოყენება იყო სისტემური პრობლემა,“- აცხადებს სერგი კაპანაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ილუზია, რომ ხელისუფლება ია კერზაიას საქმეს გამოიძიებს. რომან გოცირიძე განათლების მინისტრისა და უწყების სხვა მაღალჩინოსნების გადადგომის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მინისტრსა და მისი უწყების მაღალჩინოსნებს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაინც დაეკისროთ.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს და დამატებითი ჩარევა პროცესში მართებული არ იქნება.

მარიამ ჯაშის თქმით, თუკი რეგლამენტი კომიტეტს უფლებას მისცემს, რომ დამატებით ჩაერთოს ამ საქმეში ის ამ ფაქტს მხოლოდ მიესალმება.

">