H1N1-ის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

H1N1-ის ვირუსით გარდაცვალების მე-16 შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემები ლაბორატორიული კვლევების შედეგად დაზუსტდა.

ცნობილია, რომ გარდაცვლილი ბავშვია, რომელსაც ლაბორატორიული კვლევების შედეგად ორი დაავადება, წითელა და გრიპი გამოუვლინდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. შემთხვევა შაბათს, ერთ -ერთ რეგიონში მოხდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე დეტალებს არ აკონკრეტებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსით ავადობის დინამიკა შემცირებულია. შესაბამისად, შემცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების  გამოძახებებიც.

„100 000 მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი გვაქვს 253, რაც ოდნავ შემცირებულია, 256 იყო პირველ კვირაში. მოგეხსენებათ, პიკი გვქონდა 277 დეკემბრის ბოლო კვირას. ასევე, ოდნავ შემცირებულია მძიმე რესპირატორული ინფექციებით საავადმყოფოებში ჰოსპიტალიზაციის პროცენტი. მნიშვნელოვანია ის, რომ რადიკალურად არის შემცირებული ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. შემცირდა სასწრაფოების გამოძახება. დღეს დილით ჩვენ რეგიონული სხდომა გვქონდა და რეგიონებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ მიმართვიანობა ამბულატორიებში შემცირებულია, ასევე გარკვეულად საავადმყოფოებშიც, მაგრამ, სამწუხაროდ, მძიმე ავადმყოფები ჯერ კიდევ რჩებიან საავადმყოფოებში, რომლებიც მკურნალობას გადიან,“- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

ავადობის შემცირებულ მაჩვენებლებზე საუბრობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავაც. ყურადღება გამახვილდა ანტივირუსულ პრეპარატ “ტამიფლუზე”. ბოლო ორ დღეში მედიკამენტი 783 პაციენტზე გაიცა.

„მას შემდეგ, რაც “ტამიფლუს” გაცემა დაიწყო სახელმწიფომ უფასოდ, შესაბამისად, მომართვიანობა დაფიქსირდა 783 პაციენტის და გაცემული იქნა 783 პაციენტზე “ტამიფლუ”. შემცირებულია მწვავე რესპირატორული ინფექციები და ასევე ჰოსპიტალიზაციების პროცენტული მაჩვენებელი,“- ამბობს ლაგვილავა.

">