გურჯაანის სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ე.წ. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ არც ერთ ჩვენს მეგობარს და მხარდამჭერს არ დავაჩაგვრინებთ. სტრასბურგამდეც რომ დაგვჭირდეს მისვლა, დავით კირკიტაძე იქნება თავისუფალი, რადგან ის თავის კონსტიტუციურ უფლებას იცავდა, – ამ სიტყვებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს გრიგოლ ვაშაძემ. გურჯაანისასამართლოსთან, სადაც დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.

„რატომ არის დავით კირკიტაძე დაკავებული? იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქის ეშინია. ერთ კვირაში გაზის ფასი რომ აიწევს, ნახავენ ეს მოქალაქეები რას იზამენ. რა კანონი და რა სასამართლო გვაქვს? ზაზა სარალიძის შვილის მკვლელები, მალზაზ მაჩიკაშვილის შვილის მკვლელები გარეთ დადიან. სამართალი მხოლოდ დავით კირკიტაძეზე მოქმედებს?

რუსეთის ფედერაციაში წაიღე ბატონო ბიძინა ეს შენი დემოკრატია! აუცილებლად მოვიგებთ ამ ბრძოლას! ამ საქართველოს იმაზე უკეთესი დამცველი არ ჰყავს, ვიდრე გაერთიანებული ოპოზიცია. ჩვენ თქვენზე ჭკვიანები ვართ, დემოკრატიულად მოგიგებთ და გაგიშვებთ მოუსავლეთში, იქ საიდანაც მოხვედით, – განაცხადა ვაშაძემ.

„თქვენ ჩვენი პრეზიდენტი ხართ”, – ამ სიტყვებით მიმართეს გრიგოლ ვაშაძეს შეკრებილმა მხარდამჭერებმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

წყარო: ipn.ge

">