გორში, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს, ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

ადგილზე სამართალდამცველებთან ერთად მივიდა არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი, რომელიც ტერიტორიას ათვალიერებს და სამართალდამცველებთან კონსულტაციებს გადის.

როგორც ვახტანგ ლიჩელმა პირველ არხს განუცხადა, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რას უკავშირდება მისი ტერიტორიაზე მისვლა და რა საკითხზე გადიან სამართალდამცველები მასთან კონსულტაციას.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს, რომ ამოღებული ფრაგმენტები ადამიანის ძვლის არის.

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ ი. ნ.-ს მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

წყარო: 1tv.ge

">