გიორგი ქობულიამ ბრიტანეთის სავაჭრო პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრთან ორმხრივი სავაჭრო კავშირების განვითარება განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო პოლიტიკის სახელმწიფო მინისტრს, თემთა პალატის წევრს ჯორჯ ჰოლინგბერის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი სავაჭრო კავშირების განვითარებასა და საქართველოში ბრიტანული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ხაზი გაესვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებში განიხილება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ეკონომიკისა და ინვესტიციების მიმართულებით.

აღინიშნა, რომ 2018 წლის ნოემბერში, თბილისში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიურ შეხვედრაზე შესაძლებელი იქნება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პლატფორმის განვითარება და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა საქართველოში რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის სავაჭრო მისიის ვიზიტი, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

გიორგი ქობულიას განცხადებით, მსგავსი სავაჭრო მისიების ჩატარება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვას.

">