გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვდგავართ რუსეთის მხრიდან საფრთხეების წინაშე

ჩვენ ვცდილობთ, დავანახოთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს – რუსეთს, რომ საქართველოს პოლიტიკა, დასავლური საზოგადოების წევრობასთან დაკავშირებით, არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. ის არ არის მიმართული ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით. რუსეთი ბუნებრივად უნდა იყოს დაინტერესებული სამხრეთით სტაბილური მეზობლის ყოლაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე Strategic outlook: Eurasia განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

“სამწუხაროდ, ჩვენს წინაშე დგას 2008 წლის მემკვიდრეობა. ჩვენ დღესაც გვიწევს იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული. ჩვენი ორი ისტორიული ტერიტორიის ოკუპაცია წარმოადგენს დიდ პრობლემას, რომელთანაც გამკლავება ჩვენ გვიწევს კონსტრუქციული, მაგრამ, ამავე დროს, პრინციპული მიდგომის მეშვეობით, ანუ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თანმიმდევრული პოლიტიკის გათვალისწინებით. ეს პოლიტიკა ეფუძნება გარკვეულ ღირებულებებს. ჩვენ დღესაც უნდა ვეძებოთ შეხების სფეროები, წერტილები რუსეთთან, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდეს ამოსავალი წერტილი პოზიტიური დისკუსიების დასაწყებად კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრის შესახებ.

ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი და, რასაკვირველია, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა იგი არ არის ერთადერთი ან, თუნდაც, დომინანტი ბაზარი საქართველოსთვის, რადგანაც ჩვენი ექსპორტი დივერსიფიცირებულია. ამასთან, ძალიან დადებითი მოვლენაა, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვმასპინძლობთ დაახლოებით ერთ მილიონ ტურისტს რუსეთიდან. ჩვენ ცალმხრივად დავაწესეთ უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და არ ფიქსირდება არც ერთი კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე რუს ტურისტებთან. ყოველივე ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი ამოსავალი წერტილი, რათა წამოვიწყოთ პოლიტიკური დისკუსიები კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით.

მეორე მხრივ, რუსეთმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ფუჭია იმის მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა შეეგუება „არსებულ რეალობას”, როგორც ისინი ამას უწოდებენ, ანუ ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე ე.წ. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობას. ასე რომ, ჩვენი დისკუსიები უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, რაც უნდა იყოს კიდეც ჩვენს რეგიონში ნებისმიერი დისკუსიის ქვაკუთხედი ისევე, როგორც საქართველოს სუვერენული მისწრაფებები.

თქვენ მკითხეთ საქართველოს პოლიტიკაზე რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებთან ბრძოლაში. გიპასუხებთ, რომ, როგორც პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, მეგობრული ურთიერთობები მეზობლებთან, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია. აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყაზახეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტები. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანსა და თურქეთთან; ტრადიციულად კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები სომხეთთან. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, „აბრეშუმის გზის” და სხვა ახალმა პროექტებმა ახალი დინამიკა შემოიტანა ჩვენს რეგიონში. რასაკვირველია, შეუძლებელია ყოველივე ამის მიღწევა რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, რაც შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი წინაპირობა მდგრადი მშვიდობისთვის. რას ნიშნავს სტაბილურობა საქართველოსთვის?! სტაბილურობა საქართველოსთვის ნიშნავს ქვეყნის პოზიციონირებას იქ, სადაც ჩვენ ვართ – აქ საუბარია ღირებულებებზე. საქართველოსთვის კი, ჩვენ დავისახეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი, და ნელ-ნელა ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას ჭეშმარიტად ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნად; ქვეყნად, რომელიც უნიკალურია თავისი ღიაობის თვალსაზრისით. ვგულისხმობ ვაჭრობას, თავისუფალ ვაჭრობას როგორც ევროკავშირთან, ისე – ჩინეთთან, ასევე, მეზობელ ქვეყნებთან, რუსეთის ჩათვლით. რასაკვირველია, ასევე საუბარია შიდა სტრუქტურულ რეფორმებზე, საფუძვლიან რეფორმებზე, რომლებიც აქცევს საქართველოს ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოდ.

ეს არის ჩვენი მე-5 მუხლი. ჩვენ არ გვაქვს ნატოს მფარველობა, მაგრამ გვაქვს პარტნიორობა დასავლეთთან და კეთილმეგობრული ურთიერთობები, ასევე საერთო ინტერესების წერტილების მუდმივი ძიება, წარმოადგენს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ფორმულას”- განაცხადა პრემიერმა.

მისი განცხადებით, საფრთხეები ყველგანაა, მაგრამ არის ძალიან პოზიტიური დინამიკა ევროკავშირთან, ევროპულ სტანდარტებთან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის დაახლოების კუთხით.

“სამწუხაროდ, უკრაინა დადგა რუსეთის გამოწვევის წინაშე და მისი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც უკვე ვახსენე, ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს რეგიონულ კონფლიქტებთან დაკავშირებული დისკუსიების ქვაკუთხედი. ეს არის პრინციპი, რომლის ეჭვქვეშ დაყენება დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავდგებით დიდი პრობლემების წინაშე არა მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური მასშტაბით”- განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე  -“ეს საშური მისწრაფებაა, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ უკრაინას თითქმის უკვე ხელი უნდა მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებაზე, რუსეთმაც გადაწყვიტა, რომ შესულიყო [უკრაინაში]. იმ დროს, როცა თქვენ ცდილობთ უფრო დაუახლოვდეთ დასავლეთს, არის თუ არა ისეთი რამ, რის გაკეთებაც თავიდან აგაცილებთ რუსეთის ზედმეტად გაღიზიანებას?” გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა:

“აქ საუბარია ყოველდღიურ პრობლემებზე საქართველოში: ჩვენ ვდგავართ რუსეთის მხრიდან საფრთხეების წინაშე. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინაზეც – მართალია, ერთი შეხედვით, სიტუაცია შეიძლება განსხვავებული ჩანდეს, მაგრამ ფორმულა იგივეა. ჩვენ ვცდილობთ, დავანახოთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს – რუსეთს, რომ საქართველოს პოლიტიკა, დასავლური საზოგადოების წევრობასთან დაკავშირებით, არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. ის არ არის მიმართული ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით. რუსეთი ბუნებრივად უნდა იყოს დაინტერესებული სამხრეთით სტაბილური მეზობლის ყოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვეძებოთ პოზიტიური პლატფორმები, სადაც შევძლებთ საერთო ინტერესების გამონახვას, სადაც ჩვენ შევძლებთ პოზიტიური დისკუსიების წამოწყებას ჩვენ შორის არსებული მემკვიდრეობით მიღებული პრობლემების პოლიტიკური გზით მოგვარების შესახებ”.

კითხვაზე – განუმარტავს თუ არა მკაფიოდ რუსეთს ოდესმე თავისი ე.წ. წითელი ხაზები? გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ “პერიოდულად ჩვენ ვისმენთ განცხადებებს ნატოსთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების შესახებ, მაგრამ ეს არის ქართველი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ვიმეორებ, რომ იგი არ არის მიმართული რეგიონში ვინმეს წინააღმდეგ”.

">