გიორგი ჭანტურიას და: ზეწოლა მიდიოდა, მას უნდა ეღიარებინა მკვლელობა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას და, მარიამ ჭანტურია ამტკიცებს, რომ მის ძმას შსს-ს წარმომადგენლები  გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას აიძულებდნენ. მისი თქმით, ჭანტურიას ექიმების დახმარებაც დასჭირდა.

“ადვოკატები შემდეგ შევიდნენ, როდესაც სასწრაფო მოვიდა; შევიდნენ და ისინიც მოწმეები იყვნენ ამ ზეწოლის შესახებ. ზეწოლა მიდიოდა, მას უნდა ეღიარებინა მკვლელობა”- აცხადებს მარიამ ჭანტურია.

ცნობილია, რომ ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პარლამენტარის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ერთი პირი დააკავა. როგორც News.ge-ს უწყებაში განუცხადეს, ერთი ადამიანი სსკ-ს 236-ე მუხლითაა აყვანილი, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ითვალისწინებს. ასევე, სამინისტროში განმარტავენ, რომ ჯერ არ არის დადგენილი დაკავებულის კავშირი გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შსს აცხადებენ, რომ სამსონ ქუთათელაძის მკველელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ (სოსო) ქუთათელაძე რუსთავში მოკლული იპოვეს. ქუთათელაძე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004 -2006 წლებში ეროვნული გვარდიის სარდალი იყო.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ასევე სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში.

2008- 2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”, იკავებდა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას.

">