გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციას: „თქვენი დღის წესრიგია, რომ არ გიხაროდეთ პოზიტიური და შექმნათ ნეგატივი“

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ოპონენტების განცხადებას უპასუხა ტაქსების რეგულაციებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ტაქსების რეფორმა ვერ იქნება განცალკევებული სატრანსპორტო პოლიტიკიდან. გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, მოსახლეობას არჩევნებზე მმართველ ძალას სწორედ იმის გამო გამოუცხადა ნდობა, რომ წინასაარჩევნო პროგრამა იყო გამართული, რაც გულისხმობდა მათ შორის ტაქსების რეფორმასაც.

გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ნორმალური პრაქტიკაა, რომ ტაქსები გარკვეულ ნორმებს აკმაყოფილებდნენ. რაც შეეხება ფერთან დაკავშირებულ კრიტიკას, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ოპოზიციასთან კონსესუსის იმედი არც ჰქონდა ხელისუფლებას.

„თქვენ ყოველთვის მოწადინებული ხართ, რომ შინაარსობრივი საუბარი გადაიყვანოთ დემაგოგიისკენ, მაგრამ ესეც კი არ გამოგდით. სატრანსპორტო პოლიტიკის კუთხით შეიძლება იმის თქმა, რომ წლის ბოლოდან 90 ახალი ავტობუსი შემოვა. ოპოზციას ალბათ ესეც არ გიხარიათ, იმიტომ რომ, თქვენი დღის წესრიგია, რომ არ გიხაროდეთ პოზიტიური და შექმნათ ნეგატივი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლისთვის მეტროს ემატება შემადგენლობები. ესეც არ გაგიხარდებათ, რადგან ალბათ მეტროში არ სარგებლობთ და ქალაქში რაც კი სასიკეთო ხდება, თქვენთვის მიუღებელია, მხოლოდ იმის გამო, მოსახლეობამ თქვენ არ აგირჩიათ.

მისივე ინფორმაციით, მიკროავტობუსების ჩანაცვლება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი  ეს ერთიანობაში ქმნის იმ გამართულ სატრანსპორტო პოლიტიკას, რომლის გამოც დედაქალაქის მოსახლეობამ მმართველ გუნდს ნდობა გამოუცხადა.

სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ოპოზიცია მოვლენების არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის კუთხით მუნიციპალიტეტის ინიციატივები ევროპული, ცივილიზებული პრაქტიკის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.  

">