საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის „მწვანე ობლიგაციები“ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე EURONEXT Dublin-ზე განათავსა.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯივიპი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, GGU პირველი კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე 2024 წლის მაისსა და ივნისში შენელებული აქტივობის შემდეგ, კვლავ გახსნა ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრები. ხუთწლიანი მწვანე ობლიგაციების სარგებელი 8.875 %-ით განისაზღვრა, გამოშვებისა და განთავსების ფასი კი ნომინალური ღირებულების 100%-ით. უცხოელი და ქართველი ინვესტორების დაინტერესებამ ემისიის მოცულობას დაახლოებით, 60%-ით გადააჭარბა.
აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების წამყვანი მენეჯერი J.P. Morgan-ია. თანამმართველი საინვესტიციო ბანკები „თიბისი კაპიტალი“ და „გალტ & თაგარტი“ არიან. გარიგებაში J.P. Morgan-ისა და GGU-ს იურიდიულ მრჩევლებს Latham & Watkins, Baker & McKenzie LLP-ი, BLC Law Office და Dentons წარმოადგენდნენ, ხოლო აუდიტორს – EY.
ობლიგაციის თანხა სრულად გადანაწილდება კომპანიის სტრატეგიულ მწვანე პროექტებზე, მიღებული სახსრები კი ახალი მწვანე კაპიტალური ინვესტიციების დაფინანსებასა და არსებული ვალდებულებების გადაფარვას მოხმარდება. GGU-ს მწვანე დაფინანსების ჩარჩო დებულება ESG კვლევისა და ანალიტიკის წამყვანმა კომპანიამ DNV-მ დაამტკიცა.
“მოხარული ვარ, გაცნობოთ რიგით მეორე საჯარო მწვანე ობლიგაციების წარმატებული ემისიის შესახებ. GGU პირველი კერძო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც 2020 წელს მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზას და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობებისადმი ჩვენი ერთგულებით, ვინარჩუნებთ წამყვანი კომპანიის სტატუსს. ობლიგაციებიდან მიღებული სახსრები მოხმარდება GGU-ს არსებული საკრედიტო პორტფელის რეფინანსირებას, ასევე, წყალმომარაგების სექტორში კაპიტალური ინვესტიციების დაფინანსებას. აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის ფინანსურ პროფილსა და ლიკვიდურობას, რაც დაგვეხმარება ჯანსაღი და მდგრადი ბიზნესის განვითარებაში.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, მხარდაჭერისთვის – საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციას (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), აზიის განვითარების ბანკს (ADB) და გერმანიის განვითარების საფინანსო ინსტიტუტს (DEG),“ – განაცხადა GGU-ს გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა.
„ტრანზაქციის ზომა, ფასი და ინვესტორთა ბაზა GGU-ს ძლიერი ფინანსური მდგომარეობისა და ზრდის დიდი პოტენციალის დასტურია. კომპანიის ფასიანმა ქაღალდებმა დიდი დაინტერესება მოიპოვა საცალო ინვესტორებისგან და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ აქტიურად იყო ჩართული ასეთი აღსანიშნავი გარიგების წარმატებით განხორციელებაში,“ – აღნიშნავს „გალტ & თაგარტის“ დირექტორის მოადგილემ, ქეთევან თოიძემ ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას.
„ვულოცავთ GGU-ს მწვანე ობლიგაციების წარმატებით გამოშვებას და განთავსებას, რომელმაც საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხარული ვართ, რომ კომპანიის როგორც მეორე, ასევე პირველი მწვანე ევროობლიგაციების გამოშვების თანამმართველი საინვესტიციო ბანკი სწორედ „თიბისი კაპიტალი“ იყო. საერთაშორისო ბაზარზე მეორე მწვანე ობლიგაციების განთავსება, ხაზს უსვამს GGU-ს გრძელვადიან ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ. ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებული ფინანსური რესურსი, არა მხოლოდ გააუმჯობესებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, არამედ ხელს შეუწყობს ბაზარზე კიდევ უფრო მეტი მწვანე ინიცატივისა და პროექტის განხორციელებას,” – განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ.
სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით GGU-ს რეიტინგია BB- (Outlook სტაბილური), ხოლო S&P Global-ის მიხედვით BB- (Creditwatch პოზიტიური).
Georgia Global Utilities (GGU) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა (GWP) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველი კომპანიაა. GGU ასევე ფლობს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურს 149 MWh ჯამური დადგმული სიმძლავრით, მათ შორის, ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორეა წყალსაცავიან ჰიდროელექტროსადგურებს შორის. 2022 წლიდან კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია ევროპის წყალმომარაგების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი ესპანური კომპანია FCC Aqualia, ხოლო 20%-ს საინვესტიციო ჰოლდინგი “საქართველოს კაპიტალი” ფლობს.