„გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მისი თანაგუნდელის გედევან ფოფხაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არასწორს და ნაჩქარევს უწოდებს. მდინარაძის განცხადებით, გუნდის ნაწილის არგუმენტის გამო, რომ ოპოზიციას მისცემოდა თავისი კვოტის რეალიზების საშუალება, უმრავლესობის დატოვება, შეცდომაა.

„ჩვენი თანაგუნდელის, გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი. გადაწყვეტილება იქნა შემდეგნაირად მიღებული, მეორე კანდიდატს, რომელიც წარმოადგინა სახალხო დამცველმა, ჰქონდა საერთო მხარდაჭერა, გუნდში ამ შეთანხმებას მივაღწიეთ, ხოლო გუნდის ნაწილის მიერ, ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის ერთდერთი არგუმენტი იყო, რომ ოპოზიციას მისცემოდა თავისი კვოტის რეალიზების საშუალება. მე პირადად მხარი მისთვის არ დამიჭერია, მაგრამ უმრავლესობის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეს საშუალება არ წაერთმიათ უმცირესობისთვის და მხოლოდ ამ არგუმენტის გამო უმრავლესობის დატოვება მიმაჩნია შეცდომად და არასწორ გადაწყვეტილებად. მან მე პირადად ჩამაყენა სიტყვიერად საქმის კურსში და ამის შემდეგ გააკეთა განცხადება მედიასთან“,-განაცხადა მდინარაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნინია კაკაბაძე გახდა.  კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა. ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოს წევრად „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა.

">