გახარია: რეფორმირება პირველ რიგში შეეხება კრიმინალურ პოლიციას

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება შეეხება პირველ რიგში კრიმინალურ პოლიციას, ასევე სასაზღვრო პოლიციას და გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმირება. ამის შესახებ მან შსს-ს ახალი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც მან უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

„ჩვენთვის დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღე და ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. მნიშვნელოვანი დღეს გახლავთ იმიტომ, რომ ზუსტად ერთი თვის წინ, მთავრობის დამტკიცების დროს, საქართველოს პარლამენტში ჩვენ განვაცხადეთ და დავდეთ პირობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირება დაიწყება თანმიმდევრულად და დავთქვით კონკრეტული თარიღები. დღეს ვასრულებთ ამ დაპირებას. ზუსტად ერთი თვის თავზე ვაკეთებთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას.

ზუსტად ასევე, როგორც ჩვენ დადებული გვქონდა პირობა, სტრუქტურული და ასევე შინაარსობრივი ნაწილის რეფორმები წარდგენილი იქნება უახლოეს მომავალში. ახლაც გავიმეორებ, რომ სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება შეეხება პირველ რიგში, კრიმინალურ პოლიციას, ასევე, სასაზღვრო პოლიციას და გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმირება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია რეფორმების შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც ეხება პირველ რიგში, საგამოძიებო ინსტრუმენტების ხარისხის გაზრდას, ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციების შემოტანას საგამოძიებო კომპონენტში და რა თქმა უნდა, პრევენციასა და ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას. ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია და როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის წარდგენის ვადა დავიცავით, ასევე დავიცავთ ყველა სხვა ვადას“, – განაცხადა გახარიამ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“.

 

">