გახარია: „გამოძიებას პროგრესი უკვე აქვს და ვხედავთ ქსელურ ხასიათს ამ ღონისძიების“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ის მიზეზები განმარტა, რატომ მაინც და მაინც იმ დროს ჩატარდა ჩხრეკა ღამის კლუბებში. მისი თქმით, შერჩეული იყო ის დროს, როდესაც კლუბებში მინიმალური რაოდენობის ხალხი მაქსიმალურად ფხიზელი იქნებოდა.

„არჩევანი იყო ძალიან მარტივი, ან ეს უნდა განგვეხორციელებინა დაახლოებით პირველი – ორი საათის განმავლობაში, სადაც მინიმალური რაოდენობის ხალხი იქნებოდა კლუბებში და მაქსიმალურად ფხიზელი, ან უნდა განგვეხორციელებინა გამთენიისას, 6-დან 7 საათამდე, სადაც იქნებოდა მაქსიმალური რაოდენობა ხალხის და მდგომარეობა იქნებოდა ნაკლებად პროგნოზირებადი.

პირველ შემთხვევაში, ჩვენ პრობლემები გვექნებოდა ღონისძიების შემდეგ, რაც მოხდა, რაც აბსოლუტურად გააზრებული გვქონდა, მეორე შემთხვევაში ღონისძიების მსვლელობის დროს. ეს იყო საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომ იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული.

ის, რაც მოხდა ამ ღონისძიების შემდგომ, ეს იყო ჩვეულებრივი აზრის გამოხატვა, რომლის თავისუფლებაც იყო უზრუნველყოფილი პოლიციის მიერ, თუ იქ ხდებოდა დაკავება, დაკავება ხდებოდა დაუმორჩილებლობის ნაწილში, არანაირ სხვა ქმედებას იქ ადგილი არ ჰქონია, ერთადერთი კომპონენტი იყო მაშინ, როდესაც მომიტინგეები ცდილობენ გზის გადაკეტვას. აქ იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, დისკომფორტი პოლიციელებსა და მათ ურთიერთობას შორის“, – განუცხადა კანონმდებლებს გახარიამ.

გიორგი გახარიას განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არც ერთი, არანაირი სახის სპეცაღჭურვილობა ამ ღონისძიებებში გამოყენებული არ ყოფილა.

„როგორც შედეგი, მინდა გითხრათ, რომ გამოძიებას გარკვეული პროგრესი უკვე აქვს. მოგეხსენებათ, რომ დაკავებულია მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო განჩინებით 8 ნარკორეალიზატორი. გამოძიება გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვხედავთ ქსელურ ხასიათს ამ ღონისძიების, ამ ქმედებების და უახლოეს პერიოდში, დარწმუნებულები ვართ, ამას დასჭირდება გარკვეული დრო, რომ სისტემურ ხასიათს მსგავსი ქმედებების, ძალიან მარტივად წარმოგიდგენთ და დაგანახებთ, რასაც მოყვება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები. კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ პოლიციელს გადავუხადო მადლობა იმ თმენისათვის და იმ მაღალკვალიფიციურად შესრულებული მოვალეობისთვის, რომლითაც მათ დაადასტურეს, რომ პოლიციის ძირითადი ამოცანა გახლავთ მოქალაქეებზე ზრუნვა და რაც მთავარია, ჩვენს საზოგადოებაში რადიკალიზაციის დონის შემცირება და არა გაზრდა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.