გაოგნებულია პიროვნება და წარმოდგენა არ აქვს, რა ქრთამზეა საუბარი – ლაშა გოგიას ადვოკატი

„შევხვდი, ვესაუბრე, გაოგნებულია პიროვნება და წარმოდგენა არ აქვს, რა ქრთამზეა საუბარი,“ – ეს განცხადება, ლაშა გოგიას ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ გააკეთა. მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად დღის მეორე ნახევარში წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნობენ.

ზუგდიდის ყოფილ მერს და მის მოადგილეს კორუფციული გარიგება და დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედებათ ბრალად.

მერაბ მამულაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

ადვოკატისთვის გაუგებარია, რა აუცილებლობა არსებობდა ლაშა გოგიას დაკავების, რადგან სექტემბერში დაიწყო გამოძიება და დაკავებული გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

„შევხვდი, ვესაუბრე, გაოგნებულია პიროვნება და წარმოდგენა არ აქვს, რა ქრთამზეა საუბარი. ის აცხადებს, რომ არასდროს ქრთამი არავისგან არ აუღია მთელი თავისი ცხოვრება არის პატიოსანი შრომით აქვს გავლილი და აღნიშნულიდან გამომდინარე დარწმუნებულია, რომ მასალები, რომელიც სავარაუდოდ, დღეს გადმოგვეცემა, იქ არანაირი მტკიცებულება არ იქნება და ვერ იქნება, რომელიც ამ ბრალდებას დაუდასტურებს მას,“- განაცხადა მერაბ მამულაძემ.

ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას სექტემბრიდან ედავება, თუმცა მათი დაკავება საგამოძიებო უწყებამ საჭიროდ მხოლოდ წაგებული არჩევნებიდან 5 დღის შემდეგ ჩათვალა.

მაღალჩინოსნების წინაღმდეგ საქმის მთავარი მტკიცებულება „კურიერის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: რუსთავი 2

">