„გამჭვირვალობა არის პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესი“ – მდინარაძე TBC ბანკის შესახებ საუბრობს

„განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს გამოძიებასაც თითოეულ დეტალთან მიმართებაში“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ TBC ბანკის შესახებ გააკეთა.

მდინარაძე ამბობს, რომ ამ საქმესთან მიმართებაში, ხელისუფლების უპირველესი ინტერესი გამჭვირვალობაა. მისი მტკიცებით, ხელისუფლების, ან ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რაიმე დაინტერესება ამ საქმის მიმართ არ არსებობს.

მდინარაძე ოპოზიციის წევრების განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.

„განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს გამოძიებასაც თითოეულ დეტალთან მიმართებაში. ხელისუფლებასაც, თუნდაც გაკეთებულ განცხადებებში, იმიტომ რომ ერთი მხრივ, საქმე შეეხება უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტი, მეორე მხრივ, საქმე შეეხება კონკრეტულ გამოძიებას, რომლის პოლიტიზირება შეიძლება ძალიან დამაზიანებელი იყოს და გამოძიების ინტერესებსაც კი შეეწინააღმდეგოს. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობა არის პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესი, დანარჩენი ოპოზიციისთვის ნებისმიერი საქმე, რომელიც რეზონანსული ხდება, სპეკულაციის საგანია, საშუალებაა, რომ ხელისუფლებას ზიანი მიაყენოს. ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც გამოდის თვითონ ობიექტი, ვისზეც ვსაუბრობთ და ამბობს, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ პარლამენტთან, ეს არის ძალიან კარგი,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის წევრი, გედევან ფოფხაძე კი ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვნად პროცესების სამართლებრივ ფარგლებში მოქცევას აფასებს.

„ამ თემის პოლიტიზირებას ამ ეტაპზე არ დავიწყებდი თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ თუ რაიმე ნიშნები არის იმის, რომ ასეთი მსხვილი ფინანსური ჯგუფი შეიძლება უსამართლოდ დაზარალდეს და დაზარალდეს სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა მას სჭირდება, მაგრამ მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს პროცესი უნდა მოექცეს სამართლებრივ ფარგლებში,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

">