ფულის გათეთრების მუხლი და TBC ბანკის საქმე – მამუკა ხაზარაძის ადვოკატი განმარტებებს აკეთებს

TBC ბანკის საქმეზე მამუკა ხაზარაძის ადვოკატი განმარტებებს აკეთებს. ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ მუხლი რომლითაც აღძრულია საქმე გულისხმობს შავი ფულის გათეთრებას. მაშინ როდესაც 10 წლის წინ განხორციელებული ტრანზაქცია იყო გამჭირვალე და ცნობილი ეროვნული ბანკისთვის. მისივე განცხადებით, 2007-2008 წლებში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კრედიტორებისგან ისესხეს თანხები, რომელიც მოხმარდა ბანკის კაპიტალის გაზრდას.

„ჯამში მოზიდული იქნა დაახლოებით 80 მილიონი $ სხვადასხვა კერძო პირებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, მათ შორის ამერიკული, ბრიტანული, ჰოლანდიური ფონდებისგან. ამ თანხაში შედიოდა სამგორიდან აღებული ხსენებული 17 მილიონი დოლარი. აღნიშნული თანხები მოხმარდა ბანკის საჭიროებებს, მათ შორის ბანკის კაპიტალის გაზრდას. არც ერთი თეთრი არ გამოყენებულა სხვა მიზნებისათვის, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (‘ფულის გათეთრების’) ნიშნებს.

არაიურისტებისთვის განვმარტავ: ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი, ანუ შემოსავალი უნდა იყოს უკანონო, რათა მას მიეცეს კანონიერი სახე. ვციტირებთ შესაბამის მუხლს:

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა…“

აღნიშნული ტრანზაქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიწოდებული აქვს როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე პროკურატურას. სასამართლოში დაკითხვის დროს როგორც მამუკა ხაზარაძემ, ასევე ბადრი ჯაფარიძემ ამომწურავად უპასუხა გამოძიების ყველა კითხვას.

ვფიქრობ ეს განმარტებები საკმარისია, რომ პასუხი გაეცეს ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას და შეწყდეს ამ ტერმინების გამოყენება.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან პასუხი გასცენ აღნიშნულ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას,”-აცხადებს სოციალურ ქსელში ზვიად კორძაძე.

">