„Feedom House-ს მართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც საქართველოზე არაობიექტურ შეფასებებს აკეთებს“

Feedom House-ის ანგარიში არის უკიდურესად ტენდენციური და მიკერძოებული, სადაც დამახინჯებულია ფაქტები და გარემოებები, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. დეპუტატის თქმით, Feedom House-ს მეტი პასუხისმგებლობა მართებს, როდესაც საქართველოზე არაობიექტურ შეფასებებს აკეთებს.

„როდესაც საუბარია მედიის თავისუფლებაზე, თითქოს ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუარესებულია, გეტყვით, რომ შედარებაც არ შეიძლება წინა პერიოდთან, როდესაც მედია იყო მთლიანად მონოპოლიზებული. დღეს ბევრად მეტი მედიასაშუალება გვაქვს, ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვთ. დღეს ხელისუფლებისადმი კრიტიკა არის ძალიან მაღალი, რაც ნიშნავს, რომ მედია საქართველოში არის თავისუფალი. მეორე პრობლემა, რაც ვნახეთ, ეს არის უხეში შეცდომა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც საუბარია, თითქოს მან შეწყვიტა საპარლამენტო სხდომების ტრანსლირება. ეს არის არასწორი ინფორმაცია და ამაზე მითითების შემდეგ, ეს შეცვალა Feedom House-მა.

ორგანიზაციამ ასევე უნდა შეცვალოს ყველა ის ხარვეზი და ტენდენციური დასკვნა, რაც ანგარიშშია მოცემული. ასევე, ძალიან მიკერძოებულია შეფასებები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. იცით, რომ მან საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა პრემიერმინისტრის პოსტი და დაბრუნდა კერძო სექტორში, ამ ანგარიშში კი სრულიად სხვა შეფასებებია გაკეთებული”, – განაცხადა  თალაკვაძემ.

მისივე თქმით, Feedom House-ი ამერიკული ორგანიზაციაა და საქართველოს ძალიან უფრთხილდება აშშ-სთან ურთიერთობას.

„სწორედ ამიტომ ამ ორგანიზაციის ანგარიშს ყურადღებით გავეცანით და გავაკეთეთ ობიექტური რეაქცია. ეს მიკერძოებული ანგარიში ვერ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობებს, მაგრამ Feedom House-ს მართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც საქართველოზე არაობიექტურ შეფასებებს აკეთებს. თუ ამ შეცდომებს არ შეასწორებენ, ეს მხოლოდ გამოიწვევს ამ ორგანიზაციის კვლევების მიმართ უნდობლობის გაღრმავებას, ნიჰილიზმის ჩამოყალიბებას, რაც საბოლოოდ საქართველოსა და რეგიონში Feedom House-ის ინტერესებს დააზიანებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

/</a></iframe>