ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ სამიტზე ადამიანური კაპიტალის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა სამიტზე, რომელიც უკავშირდება მსოფლიო ბანკის ახალ, გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ” და ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დასახელდა, დაახლოებით, 20 ქვეყანას შორის, სადაც პირველად დაიწყება აღნიშნული პროექტის ინიცირება.

სამიტზე საქართველომ შერჩეულ 5 ქვეყანასთან და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ, ჯიმ კიმთან ერთად აღნიშნული ინიციატივა ოფიციალურად წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა პროექტის ინიცირებისთვის და აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას გეგმავს და ეს პირველ რიგში, უკავშირდება განათლების სექტორს. ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნულ სფეროში დაგეგმილი რეფორმები განხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და უზრუნველყოფს განათლების მაღალ ხარისხსა და საყოველთაო ხელმისაწვდომობას.

/</a></iframe>