ე.წ. პიჯაკების საქმე – სასამართლოზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის ყოფილი უფროსი დაიკითხა

ე.წ “პიჯაკების საქმეზე” დღეს ბრალდების კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის უფროსმა ზურა დარჩიაშვილმა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მან დეტალურად გაიხსენა სად, როგორ და ვის მიერ იხარჯებოდა თანხა მესამე პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად.

საქმეზე ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია აცხადებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უშუალოდ პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ იყო. მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული ყველა თანხა იყო დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტით, რომლის საფუძველზეც შეუძლებელი იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ამ განკარგულების შესრულება – არ შესრულების საკითხზე კითხვა გასჩენოდა.

„ეს არის გასამხედროებული სამსახური და უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულებაა და მეორე ის, რომ ეს იყო სამსახური, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო, მით უმეტეს ამისთვის ფინანსთა სამინისტრომ გამოყო ფული, გადმოიტანა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან. უშიშროების საბჭომ იმსჯელა ამაზე, მიანიჭა გრიფი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დამოწმებული ხელმოწერით ბეჭედი იყო. ამ განკარგულების შესრულება – არ შესრულების საკითხი, საერთოდ კითხვა ვერ შეიძლებოდა დაბადებოდა რომელიმე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის უფროსს,“ – აცხადებს თეიმურაზ ჯანაშია.

დაცვის მხარის მტკიცებით, მოწმის ჩვენება ჯანაშიას უდანაშაულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ბექა ბასილაიას თქმით, დაკითხვისას პროკურორებს მოწმისთვის დოკტორ-დოტის საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამთ.

„პროკურატურა თვალს ხუჭავს მთელ რიგ გარემოებებზე, რა გარემოებებიც მკაფიოდ მეტყველებს თეიმურაზ ჯანაშიას უდანაშაულობაზე. დოკტორ-დოტის საკითხზე კითხვაც კი არ დაუსვამს პროკურორებს მოცემული მოწმისთვის იმიტომ, რომ თვითონ ამ პროკურორებმა ძალიან კარგად იციან, სდს 2009 წლიდან გასწევდა იმ ხარჯებს, რასაც 2009 წლამდე გასწევდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ერთიანია სახელმწიფო ბიუჯეტი, ამ თანხების ხარჯვა ხდებოდა, უბრალოდ შემდეგ უწყებები შეიცვალა  ვინც ხარჯავდა და აქ გაფლანგვას შეუძლებელია ადგილი ჰქონდეს. ის რაც იხარჯება გუშინ და კანონიერია და დაიხარჯება დღეს, შეუძლებელია დრეს გახდეს უკანონო,“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

საპირისპიროს ამტკიცებენ საქმის პროკურორები. მათი თქმით, დღეს მოწმის მიერ მიცემულმა ჩვენებამ, სააკაშვილის და ჯანაშიას ბრალეულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„დაიკითხა პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი. მან დაადასტურა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯით, ის ხარჯი რასაც ბრალდება ედავება მათ, ატარებდა არაოფიციალურ ხასიათს. ვგულისხმობ პრეზიდენტის მიერ მისი პირადი კომფორტისთვის, იყო ეს სასტუმროს მომსახურების, გამაჯანსაღებელი პროცედურების თუ სუვენირების ხარჯები – ეს იყო არაოფიციალური, არასაპროტოკოლო ღონისძიებისთვის განკუთვნილი და ეს ვერ ანაზღაურდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ. შესაბამისად ხდებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ისეთი ხარჯების ანაზღაურება, რომელიც არ ატარებდა ოფიციალურ ხასიათს,“ – აცხადებს პროკურორი გიორგი მუჯირი.

">