„ევროპული საქართველოს“ წევრები არ ჩამოუვარდებიან ზარდიაშვილს და ზუსტად იმავე ლექსიკონით და სულისკვეთებით აკრიტიკებენ პრეზიდენტს“

უმრავლესობისა და „ევროპული საქართველოს“  წევრების მიერ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებაზე გაკეთებულ კომენტარებს დღეს პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა უპასუხა. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ ორკესტრირებულად მოქმედებენ.

„მე მესმის, როდესაც ზარდიაშვილი იფშვნეტს ხელებს და ბედნიერია იმით, მიუხედავად ამ დიდი ტრაგიზმისა, რომ მიეცა შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ ააგოროს ყველაფერი, მაგრამ ყველა ის ადამიანი, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან ზარდიაშვილს და ზუსტად იმავე ლექსიკონით და სულისკვეთებით აკრიტიკებენ პრეზიდენტს, ეს უკვე ძალიან მძიმე რამ არის.

მათ შეუძლიათ თანამშრომლობა, დიდი ხანია ამაზე არის საუბარი. ჩვენ არც ვიწონებთ და არც რაიმე პრობლემა გვაქვს მათ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ეს მათი გადასაწყვეტია და ამომრჩეველმა შეაფასოს, მერე რა იქნება, უბრალოდ ის ბინძური პიარკამპანია, რომელიც აგორებულია და ამ პიარკამპანიაში ერთად არიან წარმოდგენილები ის ადამიანები, საზოგადოების წარმომადგენლები გულწრფელად აღშფოთებულები და შოკში მყოფები არიან და მათგან ნებისმიერი კრიტიკა გასაგები და მისაღებია, მაგრამ ყველაფერი რომ ზუსტად იციან კალენდარულადაც, კანონის თვალსაზრისითაც და ის ადამიანები აკეთებენ ამას, ეს უკვე მიგანიშნებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებული შეტევის დაგეგმვასთან გვაქვს საქმე, ეს ცხადზე ცხადია“,-განაცხადა ჩიხრაძემ.

 

/</a></iframe>