ევროპარლამენტარი: „არ ვაპატიებთ, არ შევეგუებით და არ დავივიწყებთ“

„არ ვაპატიებთ, არ შევეგუებით და არ დავივიწყებთ – ასეთი უნდა იყოს ევროპარლამენტის რეზოლუციის სულისკვეთება“, – ამის შესახებ პირველ არხს ანდრეს მამიკინსმა განუცხადა.

მამიკინსის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომი იყო ტრაგედია და არის ტრაგედია საქართველოს მოქალაქეებისათვის. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს სურთ, რომ მსოფლიოს ყურადღება შეჩერდეს 2008 წლის ტრაგიკულ დღეებზე: „გავიხსენოთ ომი, შევაფასოთ და სწორი დასკვნები გავაკეთოთ. უნდა ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე“.

ევროპარლამენტარის თქმით, ევროპარლამენტში მსჯელობა შედგა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის სახელწოდებაზე.

„ჩვენს კოლეგებს მემარცხენე ფრთიდან სურდათ სახელწოდების შეცვლა და ტერმინ – ოკუპირებული ტერიტორიების განდგომილი რეგიონებით ჩანაცვლება. ევროკომისია იყენებს ამ ტერმინოლოგიას, მაგრამ ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ გაკეთებულიყო აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არა განდგომილ რეგიონებზე. საქმე გვაქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი“, – დასძინა მამიკინსმა.

ევროპარლამენტის წევრის განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები.

„რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. ეს არის ევროპარლამენტის პოზიცია და მოწოდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრას. ვაფასებთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობას და გვსურს, რომ მისიამ მანდატით დაკისრებული მოვალეობა შეუფერხებლად შეასრულოს. 2008 წლის ომს ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ბევრი სახლი დაინგრა, ომმა უამრავი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. ჩვენი ვალია, ეს გავიხსენოთ და შევაფასოთ. ძალიან კარგად ვიცი და მესმის, რომ ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის მოუშუშებელი ჭრილობა და ძლიერი ტკივილია. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ევროკავშირი აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და რუსეთს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ამ მოწოდებას თქვენ რეზოლუციაში იხილავთ“, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.

">