ეს ყველაფერი არის განპირობებული პოლიტიკური კონტექსტით, ეს არის ოპოზიციური ნარატივი – გიორგი გახარია კრიმინოგენულ ვითარებაზე

„ეს არის ოპოზიციური ნარატივი და ეს მისაღებია,“ – ასე ეხმაურება შს მინისტრი, გიორგი გახარია ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კრიმინალის რიცხვი გაიზარდა, რაც სტატისტიკითაც დასტურდება. ისინი ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურეს შს მინისტრმა და პრემიერმა, რომლებიც დღეს პარლამენტში იმყოფებოდნენ. გიორგი გახარია ამბობს, რომ ოპოზიციის განცხადებები, თითქოს, კრიმინალი წახალისებულია, მხოლოდ პოლიტიკური კონტექსტით არის განპირობებული.

გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა “თიბისი ბანკის” საქმეს და ოპოზიციის ბრალდებას, რომ თითქოს, შს მინისტრი ბანკის დამფუძნებლებს წილების დათმობას აიძულებს.

„ეს ყველაფერი არის განპირობებული პოლიტიკური კონტექსტით და პოლიტიკური მოტივაციით და გასაგებია. ეს არის ოპოზიციური ნარატივი და ეს მისაღებია. ყველა მსგავს ბრალდებას, ისევე როგორც წერილს, გახსოვთ იყო ასეთი ბრალდება, რომ გახარია აიძულებს “თიბისი” ბანკს წილების დათმობას. შემდგომ ამას რა რეაქცია მოჰყვა “თიბისი “ბანკის მფლობელებისგან?- არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრი თავად “თიბისი” ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებასაც ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ ბანკზე მომხდარ კიბერთავდასხმას ამ დრომდე რეალური გამოძიება არ მოჰყოლია.

კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე წერილით მომართვა შედგებოდა. ამ საქმესთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მექნება დეტალებში შესვლის საშუალება. კიბერთავდასხმის ის ლოკაცია, რომელიც უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით, ამ კონკრეტული ადრესატისგან უკვე აღმოჩენილი იყო და უკვე საფრთხეც იყო ლიკვიდირებული და ამ დეტალებზე საუბრის საშუალება მექნება და გავშლი ამას,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

">