„ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს ძალით“

დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ხორავას ქუჩის მკვლელობაზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულები დღეს გათავისუფლდნენ. ზაზა სარალიძის თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს.

„დღევანდელი ფაქტი, რაც მოხდა, სასამართლო პროცესიდან დანაშაულის დაფარვაზე პირების გათავისუფლება, ეს იყო უკვე მეტისმეტი და ძალიან გადაჭარბებული არა მარტო სასამართლოს მხრიდან, არამედ პროკურატურის მხრიდან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, გონივრული ეჭვი მაქვს იმის, რომ ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს ძალით იქიდან გამომდინარე, რომ ზაზა სარალიძე გამოვიყვანოთ მწყობრიდან. მაგრამ ზაზა სარალიძეს ესენი მწყობრიდან ვერ გამოიყვანენ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები სამართლებრივი წესით დავუმტკიცებ მე ამათ, რომ შერჩევითი სამართალი უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში,“ – განაცხადა სარალიძემ.