ეკა ბესელია: პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო

„ჩემი განცხადება გადადგომის შესახებ ხვალ ბიუროს ექნება“, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ „იმედი LIVE-ის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო უზენაესი მოსამართლეობის არჩევის პროცესი და ის დაჩქარებული არ უნდა ყოფილიყო.

ბესელიას თანაგუნდელების, კონკრეტულად კი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რეაქციამ გააკვირვა. „ამ ბრიფინგის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ  რაც გააკეთა, არ იყო არც ფორმალური გულის ტკენის გამოვლინება, არ იყო ფორმალური პროტოკოლური მადლობაც, იყო პირდაპირ ვერსია რომ ჩემი დასახელებული მიზეზი არ არის სინამდვილე და სხვა რაღაცაშია საქმე“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

27 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიას გადადგომაზე კომენტარი გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს.

„ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ამ შემთხვევაში, ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა მან თავისი გადადგომა ამ ყველაფერს. ლოგიკური საფუძველი აქ რეალურად არ ჩანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეკა ბესელიაპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით გუშინ შეჩერდა პროცესი, რომელიც, მისი აზრით, საზიანო იყო და შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის “ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს”.

წყარო: imedinews.ge

">