„ევროკავშირმა უნდა აღიაროს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პერსპექტივები და დაასახელოს მათი გაწევრიანების რეალური ვადა“

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის თქმით, ევროკავშირმა უნდა აღიაროს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერი ქვეყნების ევროპული მისწრაფებები და დაასახელოს რეალისტური ვადა, როდის შეძლებენ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრობის მიღებას. ამის შესახებ მინისტრმა პოლონეთის ქალაქ კრინიცა-ზდრუიში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის დროს განაცხადა.

„უნდა ვაღიაროთ ის, რაც აშკარაა – ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ნებაყოფლობით აირჩიეს ევროპული გზა. ისინი ისწრაფიან ევროკავშირის წევრობისკენ და მზად არიან, ამ გზით იარონ. სწორედ ამიტომ ევროკავშირის ამოცანა უნდა გახდეს პასუხი ამ მისწრაფებებზე. ევროკავშირმა უნდა აღიაროს ამ ქვეყნების წევრობის პერსპექტივები და დაასახელოს მათი გაწევრიანების რეალური ვადა“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.