დვალი: „ვკარგავთ ყველა ბერკეტს შიდა ინსტანციებში სამართლებრივი გზით ვიბრძოლოთ“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. მათი თქმით, თუ პროკურატურა კიდევ უფრო გააჭიანურებს გამოძიებას, ხანდაზმულობის ვადის გამო ჩნდება შესაძლებლობა, რომ მათ საქართველოში სამართლებრივი ბრძოლის ყველა ბერკეტი დაკარგონ.

„გაისად, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, თუ პროკურატურა არ წარუდგენს ბრალს ვინმეს, ვინც გამოიკვეთა რომ არის დანაშაულის ჩამდენი, ჩვენ გაგვდის ხანდაზმულობის ვადა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვკარგავთ ყველა ბერკეტს შიდა ინსტანციებში სამართლებრივი გზით ვიბრძოლოთ“, – თქვა პრესკონფერნციაზე „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელმა დავით დვალმა.

თუ ერთი წლის განმავლობაში რეაგირება არ იქნება, სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლები ევროკონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.

„ერთადერთი შესაძლებლობა დაგვრჩება, რომ ვიმსჯელოთ საზღვარგარეთ და ვეძიოთ სამართალი. მაგრამ ჩვენ ამ სამართლის შედეგად „რუსთავი 2-ს” მაინც ვერ დავიბრუნებთ. შესაბამისად, „რუსთავი 2-ის” დაბრუნება იქნება ქიმერა, რომელსაც ვეპოტინებით და ჯერჯერობით საკმაოდ შორს არის“, – აღნიშნა აქიმიძემ.

აღნიშნულ საქმეზე ამჟამად გამოძიება შეცვლილი კვალიფიკაციით, უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.

/</a></iframe>