„დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემას“

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემა დროებით წყდება, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს, როდესაც ამ საქმეს ვუყურებთ და მე თქვენ გაცნობთ ამ შეწყალების აქტის ყველა შემადგენელს, მაშინ კომისიამ მე მომმართა სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სრულად ამ ადამიანის გათავისუფლების თაობაზე. ჩვენ  ეს დღეები სწორედ ამას ვუკვირდებოდით, გამომდინარე იმ განსაკუთრებული სიმძაფრიდან რომლითაც მე პირადად და კომისიაც ძალადობის და განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს რა სიმძაფრითაც განვიხილავთ.

კომისიამ მომმართა სრული გათავისუფლების თაობაზე, მე გავანახევრე მხოლოდ სასჯელი. მე რომც არ გამენახევრებინა და ის 6-7 თვე არ გამენახევრებინა, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას.

ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემას, მანამ, სანამ არ გავივლით კონსულტაციას ყველა აქტორთან შეწყალების პროცესის, რომელიც თავის თავში მოიცავს, არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე მოიცავს იმ ჯგუფებს, ვინც ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშრებით, მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს  კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივი დანაშაულებთან მიმართებით“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

 

">