დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით – არასამთავრობოები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ სესიაშვილის ინიციატივაზე საუბრობენ

დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით – სამოქალაქო საზოგადოება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადებას ეხება, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

სესიაშვილის ინიციტივით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ისარგებლებენ მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდელმსახურები ან სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები. რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა აღმსარებლობის მოქალაქეებს, რომლებიც სასულიერო საქმიანობას ეწევიან  სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლება შეეზღუდებათ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უმრავლესობის მიერ შემუშავებული პროექტი მომავალში არაერთ პრობლემას შექმნის. ერთ-ერთ მწვავე და მოსალოდნელ პრობლემად კი საზოგადოებაში უთანასწორო ვითარების შექმნა სახელდება. მათი განმარტებით, აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს.

„ეს ინიციატივა არის დისკრიმინაციული იმიტომ რომ გამოყოფს გარკვეულ ჯგუფს რელიგიის ნიშნით და თუ ამას კანონის სახე მიეცემა ეს ჩაითვლება საკანონმდებლო დონეზე რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციად, რაც თავისთავად იქნება სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ სეგრეგეციის წამახალისებელი“-აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი ქეთევან შუბაშვილი.

">