„დიდი ყურადღება დაეთმობა ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას.“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, დიდი ყურადღება მიექცევა ეკონომიკაში სოფლის და რაიონის განვითარებას, ასევე, იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არამარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკის შემოსავლების თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში. ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი მიდგომა არის ერთადერთი, რომელიც მოგვცემს საშუალებას საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა ავამაღლოთ. ამასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა ეკონომიკაში სოფლის და რაიონის განვითარებას, რადგან ჩვენ ვიცით დღეს რაიონებში და სოფლებში სიღარიბის დონე გაცილებით მაღალია. ამასთან დაკავშირებით ვგეგმავთ ძალიან დიდი ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში, აგრეთვე, ვგეგმავთ სერიოზულ ღონისძიებებს საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის. ამასთან ერთად, დიდი ყურადღება დაეთმობა ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას. აქაც ჩვენ ვგეგმავთ ინვესტორების მოზიდვას საქართველოში.

რა თქმა უნდა, ორივე პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია რაიონების განვითარებასთან, მაღალ ტექნოლოგიებთან თუ ინდუსტრიალიზაციასთან, მოითხოვს ჩვენგან სერიოზულ ინვესტირებას განათლებაში და ხალხის უნარ-ჩვევების განვითარებას.

ასევე, ჩვენ უდნა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინის გამყარებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავნერგავთ ძალიან სერიოზულ ინსტრუმენტებს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ის რაც დავგეგმეთ, შესრულებული იყოს.

მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც მომსახურებას უწევს სხვა მოწინავე კომპანიებს. მე პირადად ვუწევდი კონსულტაციას საერთაშორისო ლიდერ კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში. ეს პრობლემები ეხებოდა როგორც მართვის სისტემებს, ასევე მათ სტრატეგიას, საოპერაციო და ძალიან დეტალურ საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას. მე ვთვლი, რომ ეს გამოცდილება, რომელიც მე 18 წლის განმავლობაში შევიძინე, შეიძლება გამოადგეს საქართველოს და მზად ვარ, ეს გამოცდილება მოვიტანო ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

">