დღეიდან დახურულ სივრცეში მოწევისთვის ფიზიკური პირებიც დაჯარიმდებიან

დღეიდან დახურულ სივრცეში მოწევისთვის ფიზიკური პირებიც დაჯარიმდებიან. ასევე, 8 იანვრიდან ჯარიმა დაეკისრება იმ დაწესებულებებსაც, სადაც შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება.

იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, დახურულ სივრცეში ფიზიკური პირი ეწევა და არ ემორჩილება კანონს, პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებით 200 ლარით, ყოველ შემდეგ ჯერზე კი 100-100 ლარით მეტი თანხით დაჯარიმდება.

8 იანვრიდან ასევე ძალაში შედის მუხლი, რომელიც საავადმყოფოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური, მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს.

ამასთან დაკავშირებით თამბაქოს კონტროლის ალიანსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას თამბაქოს მოხმარების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

“მხოლოდ ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში ჯარიმდება, თუ დაწესებულების ადმინისტრაცია მოწევის შეწყვეტისკენ მიუთითებს, ის კი არ დაემორჩილება. ადმინისტრაციის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში დაჯარიმდება ფიზიკური პირი. თუ ადმინისტრაცია ფიზიკურ პირს არ მოუწოდებს მოწევის შეწყვეტისკენ, ან მოუწოდებს, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არ გამოიძახებს საპატრულო პოლიციას, სხვა ინიციატორის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში, დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, ანუ დაწესებულების ადმინისტრაცია. 8 იანვრიდან ჯარიმა დაეკისრება იმ დაწესებულებებსაც, სადაც შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება. ამ დრომდე საფერფლის დაფიქსირება დარღვევად იმ შემთხვევაში ითვლებოდა, თუ მასში ფერფლი ან ნამწვი აღმოჩნდებოდა.

“სამწუხაროდ, ასევე ძალაში შედის ცვლილება კანონში, რომლის თანახმად, სლოტ-კლუბების გარკვეულ ნაწილში, სადაც ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარის ოდენობით აქვთ გადახდილი და 20 სათამაშო აპარატი ან მეტი უდგათ, მოწევა დაიშვება. თამბაქოს კონტროლის ალიანსი კიდევ ერთხელ აპროტესტებს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას და ვაცხადებთ, რომ 2019 წელს ვიბრძოლებთ ყველა დახურულ სივრცეში მოწევის ასაკრძალად, რათა არ არსებობდეს გამონაკლისი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

">