დევიდ მაკალისტერი: „ევროკავშირმა თანმიმდევრულად უნდა დაგმოს რუსეთის აგრესიული ქცევა სამხრეთ კავკასიაში და მოახდინოს მისი შესაბამისად სანქცირება”

ყოველდღიურმა გერმანულმა გამოცემამ „ტაგესშპიგელ”-მა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის” ფრაქციის დეპუტატის დევიდ მაკალისტერის წერილი.

გერმანელი პოლიტიკოსი პუბლიკაციაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში არსებული მდგომარეობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ საუბრობს და გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს: „სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ერთად საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. განსაკუთრებულად მძიმეა ის, რომ რუსეთი რეგულარულად ატარებს სამხედრო წვრთნებს საერთაშორისოდ არაღიარებული ორივე ტერიტორიაზე, სადემარკაციო ხაზებს თანდათანობით გამაგრებულ საზღვრებად აქცევს და თანაც გამყოფი ხაზები საქართველოს ტერიტორიაზე გადააქვს. ამგვარად ბევრი სოფელი მოწყდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის – წყლით მომარაგების სისტემას. ბევრ ოჯახს მოესპო წვდომა თავის სამიწათმოქმედო სავარგულებთან და იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი. გარდა ამისა, მოსკოვმა 2014 წ. და 2015 წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, გააფორმა შეთანხმებები „სტრატეგიული პარტნიორობის” შესახებ, რომელთა საფუძველზეც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თავდაცვის ძალების რუსეთის არმიაში ინტეგრირება ხორციელდება,” -წერს დევიდ მაკალისტერი.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ჯეროვანი ყურადღება ეთმობოდეს პოლიტიკურ დისკუსიებში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წყალობით (EUMM Georgien) მეტწილად მოხერხდა სამხრეთ კავკასიაში რუსეთსა და საქართველოს შორის ღია დაპირისპირების თავიდან აცილება, ეს რეგიონები „უკვე ათი წელია რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მათ მცოცავი ანექსიის საფრთხე ემუქრება”.

დევიდ მაკალისტერი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საკითხში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ ევროკავშირის როლი: „ეს მიუღებელია და ამაზე ევროპისგან უფრო მკაფიო პასუხია საჭირო, რათა ევროპამ არ დაკარგოს დამაჯერებლობა კრემლის მიმართ და გაამართლოს თავისი ავტორიტეტი, როგორც საერთო ღირებულებათა თანამეგობრობამ. რუსეთი ვალდებულია, ბოლოს და ბოლოს, გაიყვანოს თავისი ჯარები დაკავებული ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს გამაგრებული საზღვრის გავლებასთან დაკავშირებული ყველანაირი ქმედება… ამიტომ საჭიროა, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ ერთიანი პოზიცია დაიკავოს, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის აგრესიული ქმედებანი თანმიმდევრულად დაგმოს და შესაბამისი სანქცირება მოახდინოს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით არსებობს კონფლიქტის მოგვარების ორი მნიშვნელოვანი ფორმატი. უნდა მოხდეს ამ ორივე საერთაშორისო ფორუმზე მოქმედებათა ინტენსიფიკაცია”, აცხადებს ევროპარალამენტარი.

/</a></iframe>