დაიწყო „ქართული ოცნების“ დაშლის მეორე ეტაპი

ქართულ ოცნებაში“ ვითარება გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ჩანდა. ფაქტობრივად, დაიწყო „ქართული ოცნების“ დაშლის მეორე ეტაპი,“- ასე გამოეხმაურა მმართველ გუნდში არსებულ მწვავე დაპირისპირებას ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეებისთვის გუნდის მხრიდან მეამბოხეებად მოხსენიება  მათი დამნაშავეებად გამოცხადებას ნიშნავს. რომან გოცირიძის თქმით, იმ დეპუტატების წინააღმდეგ, ვინც მოსამართლეთა 10-კაციან სიას აპროტესტებს, დევნაა დაწყებული.

ოპოზიციის წარმომადგენლის შეფასებით, პარლამენტი იმ სიას დაამტკიცებს, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სურს.

„გუშინდლამდე ეს ადამიანები თუ იყვნენ დისციპლინის დამრღვევები, დღეს მათ უკვე უწოდეს მეამბოხეები ამ დახურულ შეკრებაზე, კაჭრეთში. მეამბოხე ნიშნავს დამნაშავეს. ფაქტია, რომ დღეს ჩვენ უკვე საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან. იქნება ის სია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაადგენს, დიდი ალბათობით, მათი მიზანია, ამ სიის მთავარი ფიგურანტების გაყვანა,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.

გუნდში არსებული დაპირისპირების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინ პირველი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ეკა ბესელიას კაბინეტი შეუცვალეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობას რიგითი დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში განაგრძობს.

">