დავით ზურაბიშვილი სალომე ზურაბიშვილზე :ესე იგი რაო ქალბატონმა? არც ნატოში შესვლა გვინდა, არც ევროკავშირში, რადგან ნანახი მაქვს და ვიცი რა ხიხიაცააო?

„რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი მმართველი გუნდის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ, 2012 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ „ფეისბუქის“ პოსტს სოციალურ ქსელში აზირებს.

„2012 წლის 9 ოქტომბერს, გვარს არ დავასახელებ და ამჟამად ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატს გამოუქვეყნებია ე. წ. ოცნებათა ნუსხა. სულ ათი ოცნებაა, სადაც ის მიმართავს სხვადასხვა მინისტრებს და ბოლოს პრემიერმინისტრს.

მაშინ ეს ქალბატონი არც საპრეზიდენტო კანდიდატი არ იყო და საერთოდ არ გახლდათ სახელისუფლო კოალიციის წევრი, ამიტომ მისი მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი აზრებისთვის ბევრს არ მიუქცევია ყურადღება, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ყველაფერი სულ სხვანაირად ჟღერს.

აქ შემოგთავაზებთ ორიოდ ფრაგმენტს მისი ოცნებებიდან, სადაც ის განსაკუთრებით მავნე და ქვეყნისთვის საზიანო აზრებს აფრქვევს. ვისაც სრული სახით აინტერესებს მისი ოცნებები, იხ. ლინკი კომენტარებში ან მოინახულეთ მისი ფეისბუქგვერდი, კერძოდ 2012 წლის 9 ოქტომბრის სტატუსები.

“მეხუთე ოცნება

კონფლიკტების მინისტრს ! რეინტეგრაცია სიტყვა რა ვქნა და არ მომწონს და არ მგონია საქმეს წარუდგეს… ჯერ დევნილებს ადამიანური პირობები შევუქმნათ, ბოლო ომის დევნილებს კი – სასაზღვრო ზოლიდან ძალით გამოყვანილეებს – საქათმეებიდან დავაბრუნოთ სასაზღვრო სოფლებში სადაც თავიანთი კარ მიდამო მათ ელოდება … მერე კი, შევქმნათ მოლაპრაკების პირობები და ამისათვის სიტყვა „არასოდეს“ ან „წინაპირობა“ ლექსიკონიდან ამოვიღოთ … ან კიდევ „ჩქარა“ „დაბრუნება“ „ტერიტორიები“… და რადგანც დრო გვაქვს დავიწყოთ ფიქრი იმაზე თუ როგორ შევადგინოთ ერთად ისტორიის სახელმძღვანელო

მეცხრე ოცნება

საგარეო საქმეთა მინისტრს – დიდი ხანი ვიფიქრე მეოცნება თუ არა.

რა ვქნა ვერ ვიოცნებებ ვერც ნატოში შესვლაზე და ვერც ევროკავშირში .. ალბად, იმიტომ რომ ახლოდან მაქვს ნანახი და გამოცდილი… კარგია მათთან თანამშრომლობა, მათი ღირებულებების ხშირ შემთხვევაში გაზიარება, და აუცილებელი მათი გამოცდილების გათვალისწინება… მაგრამ საოცნებოდ მე ვხედავ საქართველოს, რომელიც დაიბრუნებს კავკასიაში თავის სახეს და თავის როლს როგორც გამაერთანებელს, დამაწყნარებელს და წამყვანს თანამედროვეობისკენ“…

ესე იგი რაო ქალბატონმა? არც ნატოში შესვლა გვინდა, არც ევროკავშირში, რადგან ნანახი მაქვს და ვიცი რა ხიხიაცააო?და სიტყვები “ტერიტორიები,” “დაბრუნება” და “წინაპირობები” უნდა დავივიწყოთო?…

აი, რა გინდა რომ თქვა? სხვა რომც არაფერი ჰქონდეს ნაბჟუტურალი, მარტო ეს სიტყვებიც საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რათა ეს ადამიანი არათუ პრეზიდენტად არ აირჩიოს თავმოყვარე ერმა, არამედ სოფლის ბირჟაზეც არასდროს მოუსმინოს. ხოლო რაც შეეხება მის საპრეზიდენტო კანდიდატად წამომყენებლებს და მხარდამჭერებს, მათ კეთილი უნდა ინებონ და ან მკაფიოდ და ცალსახად გაემიჯნონ საკუთარ ჩასვრილს, ანუ მავნებელ და ანტისახელმწიფოებრივ კანდიდატს, ან გვითხრან, რომ არც ტერიტორიების დაბრუნებას აღარ აპირებენ აწი და ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული ორიენტირიც აღარაა ნატო და ევროკავშირი და მერე რაც მოუვათ, თავის თავს დააბრალონ“,-წერს დავით ზურაბიშვილი.

2012 წლის 9 ოქტომბერს, გვარს არ დავასახელებ და ამჟამად ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატს გამოუქვეყნებია ე. წ. ოცნებათა…

Posted by David Zurabishvili on ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი, 2018

">