„მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მანდატურების სამსახური გაძლიერდება და მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის, მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიცია სკოლების მიმდებარე ტერიტორიებს გააკონტროლებს.

„საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას და მინდა გითხრათ, რომ მანდატურების სამსახურები ზოგადად გადაიხედება, მოხდება ფუნდამენტური შესწავლა, მანდატურების სამსახურები გაძლიერდება და რაც მთავარია, მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის. მინდა გითხრათ, რომ საპატრულო პოლიციის დანიშნულება იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება“,-განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ სკოლებში აუცილებლად იმუშავებენ ფსიქოლოგები, მისივე თქმით, პროფესიონალ ფსიქოლოგებთან ერთად ჩართულები იქნებიან ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრანტები და დოქტორანტები.

„სკოლებში იქნებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები და იმისთვის, რომ ჩვენ ყველა სკოლა მოვიცვათ, პროფესიონალებთან ერთად ჩართულნი იქნებიან ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრანტები და დოქტორანტები.

დიალოგი საჭიროა ყველასთან და განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, მათ აქვთ თავიანთი ხედვები, შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა და ზოგადად პრობლემატიკის ირგვლივ, აქედან გამომდინარე, შეხვედრები გვექნება ახალგაზრდებთან, როგორც სკოლებში, ისე სკოლების გარეთ, რომ მოვისმინოთ მათი აზრი“,-განაცხადა ჩხენკელმა.