„ჩვენს მოქალაქეებს სურთ უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება“

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა შალვა ოგბაიძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მისი თქმით, კახა კალაძის და მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ქალაქში სატრანსპორტო სფეროს მოწესრიგება იყო. დაანონსებული იყო ის ნაბიჯებიც, რომლებიც ქალაქში გადატვირთული გზების და საცობების პრობლემის მოგვარების მიმართულებით გადაიდგმებოდა. შალვა ოგბაიძის განმარტებით, საუბარი იყო ტრანზიტულად მოძრავი დიდგაბარიტიანი და დიდი ტონაჟის მქონე მანქანების გადაადგილებაზე რეგულაციების დაწესებაზე, სადისტრიბუციო მანქანებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამტანი მანქანებისთვის გარკვეული გრაფიკის დაწესებაზე და ა.შ.

„საუბარი იყო ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახალისებაზე და რაოდენობის გაზრდაზე, მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის რეაბილიტაციაზე და ვაგონების დამატებაზე. მთელი ამ პროგრამიდან ოპოზიცია მხოლოდ ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებულ საკითხზე აკეთებს აქცენტს. როგორც ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, სურთ უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

მისი თქმით, თავად ტაქსის მძღოლებიც თბილისის მერიის მიერ ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღებას მიესალმებიან.

 

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით ასევე გააკეთა განმარტება:„ამ პროგრამაში ტაქსების აღრიცხვიანობის საკითხი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. ჩვენ განვაცხადეთ და ბიუჯეტში ასახულია, რომ მოწესრიგდება და განვითარდება მეტრო, შევიძენთ ახალ ავტობუსებს, ამის პარალელურად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება. ამასთან ერთად ხდება ტაქსების აღრიცხვიანობა, რაც სრულიად ნორმალურია. როდესაც ტაქსიში ვსხდებით, ან ჩვენს შვილს ვსვამთ, როგორც მინიმუმ, უნდა ვიცოდეთ, რომ მძღოლს მართვის მოწმობა აქვს. ეს არანაირად არ იქნება ტაქსის მძღოლებისთვის მძიმე ტვირთი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, დაწესდება რეგულაციები მიკროავტობუსებისთვისაც, რათა ისინი ცენტრალურ ქუჩებზე მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდნენ.  გარკვეული შეზღუდვები იქნება შემოღებული ასევე სამშენებლო ტვირთების გადამტანი მანქანებისთვისაც, რათა მათ დღის დატვირთულ მონაკვეთებში არ იმოძრაონ. დეპუტატის განმარტებით, ყველა ეს ნაბიჯი ქალაქის საცობებისგან განტვირთვას ისახავს მიზნად.

 

">