ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია სერენა უილიამსის წინააღმდეგ გამოვიდა

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) მხარი მსაჯს კარლოს რამოს დაუჭირა, რომელმაც ამერიკელი სპორტსმენი სერენა უილიამსი აშშ-ის ღია ჩემპიონატზე დააჯარიმა.

ITF-ში აღნიშნეს, რომ მსაჯი კანონის ფარგლებში მოქმედებდა და პრეტენზია მის მიმართ არ არსებობს. “კარლოს რამოსი – ჩოგბურთის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და პატივსაცემი მსაჯია. რამოსის გადაწყვეტილება შეესაბამებოდა წესებს და ამაზე US Open-ის გადაწყვეტილებაც მოწმობს, რომელამაც უილიამსი დააჯარიმა”, – წერია ფედერაციის განცხადებაში.

უილიამსმა ფინალურ შეხვედრაში რამდენჯერმე გააპროტესტა მსაჯის გადაწყვეტილება, რის გამოც, მატჩის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, მეორე სეტში 3:4-ზე უილიამსი ერთი გეიმით დასაჯეს და ნაომი ოსაკას უპირატესობა ორგეიმიანი გახდა.

სერენას პირველი გაფრთხილება მეორე სეტის დასაწყისში მისცა მთავარმა არბიტრმა, მეორე გაფრთხილება უილიამსმა ჩოგანის დამტვრევისთვის მიიღო, როცა მეხუთე გეიმში თავისი გეიმი დათმო. ამის გამო სერენა მსაჯს სიტყვიერად დაუპირისპირდა.